30 აპრ 2024

ავტორი:

თამარ გელიტაშვილი

 

 

სუნთქვისა და სიკეთის შემგროვებელი

 

(ნათია როსტიაშვილის `სუნთქვის შემგროვებელი")

 

დრო ფიქრია ნანახსა და გაგონილზე.
დრო დაღვინებული აზრების ზარდახშაა.
დრო ცნობიერებაში დალექილი დარდების დაძლევის
უებარი საშუალებაა.
დრო ცვლილებებისა და შეხედულებათა გადაფასების
შეუცვლელი მექანიზმია.
ადამიანის შეცნობაც დიდი დროს საჭიროებს.
მხოლოდ კარგი წიგნის ამოცნობას არ სჭირდება დიდი
დრო.
არსებობს წიგნები, ერთხელ რომ წაიკითხავ და კმარა...
ისეთებიც არსებობს, ხელმეორედ წაკითხვის სურვილს
რომ აღგიძრავენ.
ამ მეორე კატეგორიის წიგნებს მიეკუთვნება ნათია
როსტიაშვილის მოთხრობათა ახალი კრებული `სუნთქვის
შემგროვებელი~.
კრებულში შემავალი პროზაული ქმნილებები
ჰუმანიზმის იდეებზეა აღმოცენებული, რომლის ცალკეული
ეპიზოდები ხატოვანი ფრაზებით გაცოცხლებული ჩვენი
ცხოვრებისეული ვარიაციებია.
მწერალს სხვანაირი თვალი აქვს. ის სულისმიერი
თვალით უმზერს სამყაროს და გულისმიერად აღიქვამს
ყველა ფაქტსა თუ მოვლენას.

ნიჭიერი შემოქმედი სისადავისა და სიმარტივის გზას
ადგია და, ესთეტიკური უბრალოებით, დიდი მხატვრული
ხორცშესხმითა და მცირეოდენი სახეცვლილებით, უკანვე
გვიბრუნებს ჩვენს სინამდვილეში მომხდარი ამბების
მრავალფეროვან კოლაჟს.
`სუნთქვის შემგროვებელიც~ იმ სიუჟეტებს სთავაზობს
მკითხველს, მისსავე ცხოვრებიდან რომ ამოიკითხა
მწერალმა.
დღეს, ამ გაუთავებელი ლექსომანიის, მწერლომანიისა
თუ ბეჭდომანიის ფსიქოპათიურ რეალობაში სამწუხარო
იშვიათობას წარმოადგენს მწერალი თავისი ორიგინალური
ხელწერით. ახალგაზრდა ჰუმანისტი პროზაიკოსი ნათია
როსტიაშვილი კი პოსტმოდერნიზმის გავლენასაც გაექცა,
ჩვენს თანამედროვეობაში თანდათან ფეხმოკიდებულ
ამერიკულ სლენგურ-პორნოგრაფიულ სტილსაც და უცნაური
და ყველასაგან განსხვავებული სიუჟეტებით გარდამტეხი
შტრიხები შეიტანა მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში.
ნათია როსტიაშვილის ნაწარმოებების თემატიკა სამ
ძირითად ღვთაებრივ ფენომენს ემყარება: სიყვარულს,
სიკეთესა და სათნოებას. მის შემოქმედებაში ეს სამი
მთავარი პრინციპია ერთმანეთთან შერწყმულ-
შენივთებული, ამაში კი განსაკუთრებული და უჩვეულო ის
არის, რომ ამ წიგნში მოთხრობილი ამბები თითქოს
ყველასათვის ნაცნობია და ახლობელი, მაგრამ ამავე დროს
უცხო, რეალურად არარსებული. ის, რაც სინამდვილეში
შეუძლებელია, მწერალმა მხატვრულად გარდაქმნა და
სიცოცხლე შესძინა.
ასეთი ტიპის მოთხრობათაგანია `სუნთქვის
შემგროვებელი~.
მოთხრობის პერსონაჟი, პატარა ნენსი, რომელსაც დედა
ავტოავარიაში დაეღუპა, გადაწყვეტს, არასდროს გაწყვიტოს

მასთან კავშირი, ამისათვის კი ერთობ უცნაურ ხერხს
მიმართავს _ ბუშტიდან, რომელიც დედამ
ავტოკატასტროფიდან რამდენიმე წუთით ადრე გაუბერა,
ჰაერს შეისუნთქავს და მშობლის ფილტვების ამონასუნთქს
შეიგრძნობს. ასე გრძელდება ყოველდღე. დედის ულუფებად
შესუნთქული ჰაერი ტკივილებს უამებს გოგონას და
სიცოცხლის ხალისით ავსებს.
თანდათანობით სუნთქვის წაკითხვაც ისწავლა ნენსიმ _
გაბერილი ბუშტიდან შესუნთქული ჰაერის მეშვეობით
გრძნობდა ადამიანის შინაგან განცდებს, მის ბუნება-
ხასიათს.
ადამიანები იმქვეყნად უთქმელი ფიქრებითა და
დარებით მიდიან, ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვწუხვართ, რა
დარჩათ სიცოცხლეში გასაკეთებელი, რა ვერ მოასწრეს,
მაგრამ არასდროს განვიცდით იმას, რა ვერ გვითხრეს
ბოლომდე, რა ვერ წავიკითხეთ მათი დანისლული
თვალებიდან; რა დარდი წაიყოლეს თან ისეთი, რასაც არავის,
სულ არავის უმხელდნენ და ვერც ჩვენ მივხვდით, ვარ
ამოვიცანით... არც გვიცდია...
ასე გადო მწერალმა უხილავი ხიდი სააქაოსა და საიქიოს
შორის. როგორც თვითონ ამბობს:
`ერთი ბუშტი ყოველთვის გაბერილი, გამზადებული
უნდა გქონდეს ადამიანს, რა იცი, როდის დაგახრჩობს
შეკავებული ცრემლი, სუნთქვა, დარდი ან სიყვარული. ხომ
უნდა დატოვო შენი უთქმელი, არმოყოლილი ამბები
სააქაოს~.
ამ სიტყვებით ჩვენს სამწუხარო რეალობას შეგვახსენებს
მწერალი. შესაძლოა, ყოველი წუთი უკანასკნელი იყოს.
ამიტომაც მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ერთმანეთზე,
გვესმოდეს სხვისი შინაგანი ძახილი და სხვივმიმქრალ
თვალებში ჩაბუდებული ფარული დარდი.

***
ნათია როსტიაშვილი ქმნის ისეთ სამყაროს, როგორიც
თავად სურს, რომ იყოს. მისეულ სამყაროში, როგორც უკვე
ითქვა, ჩვენი სინამდვილეა მოდელირებული, ოღონდ
ტრანსფორმირებული და სიკეთის ფერებით გაფერადებული.
ეს კათარზისია, სადაც ცხოველური ვნებებისა და მდაბალი
გრძნობებისაგან თავისუფალი პერსონაჟები ბინადრობენ და
ადამიანებისათვის საჭირო სასიცოცხლო ენერგიას ასხივებენ.
მის ნაწარმოებებში სახეობრივი ფერები მწერლის
ფანტაზიას, სურვილებს, მისტიკურ ზმანებებს ერწყმის და
აზროვნებად გარდაიქმნება. მშვენიერებით გვხიბლავს
უნატიფესი ლირიზმითა და ევფონიით გაჯერებული მისი
მხატვრული სიტყვა.
ყველა მოთხრობას მოულოდნელი დასასრული აქვს,
ხოლო მწერლური ინტრიგა მკითხველის რეფლექსიას უფრო
მეტად ამძაფრებს. რომ გგონია, რომ გამოიცანი და მიხვდი,
როგორი იქნება კონკრეტული ნაწარმოების ფინალი, უცბად,
აღმოჩნდება, რომ დამარცხდი მწერლის ოსტატობის წინაშე,
გიმტყუნა რეცეფციულმა ალღომ. ამგვარ ეფექტს ავტორი
პუნქტუაციური ინტონაციებით აღწევს.
ასეთია, მაგალითად, მოთხრობა `სიუჟეტი~, რომლის
მთავარი პერსონაჟი გაბო ეჭვით შეპყრობილი ქმარია. მას
ეჭვის ჭიამ მას შემდეგ შეუღიტინა, რაც მისმა ცოლმა
ციცომ მკითხავთან დაიწყო სიარული.
გაბოს ოჯახურ იდილიას ბზარი გაუჩნდა. ქმარი `მოღალატე~
ცოლისგან ჯადოს გაკეთების შიშმა აიტანა.
ერთ დღეს გაბო გადაწყვეტს, ციცოს უთვალთვალოს და
`ფაქტზე~ გამოიჭიროს. ეჭვიანი ქმარი მართლაც დადგა
`ფაქტის~ წინაშე, ოღონდ ეს `ფაქტი~ სულაც არ იყო ცუდი
და ოჯახის დამანგრეველი. იმან, რაც გაბომ დაინახა და

მოისმინა, სულით ხორცამდე შეძრა და ამავე დროს
უაღრესად გააბედნიერა. აღმოჩნდა, რომ ციცოს ფიქრადაც არ
ჰქონია ქმრის ღალატი და მკითხავ-ექიმბაშთან ჯადოების
გასაკეთებლად კი არა, უშვილობის `სეანსებზე~
დაიარებოდა.
გაბომ სიტყვასიტყვით გაიგონა მკითხავ ჯადო-მადოს
მიერ ციცოსთვის გამოწერილი მკაცრი და წესების ზუსტი,
ზედმიწევნითი დაცვით შესასრულებელი `რეცეპტი~ _ ქალი,
თუ დედობა სურდა, იმავე საღამოს, ღამის თორმეტ
საათამდე ქმართან უნდა შეწყვილებულიყო. მადოს
დანიშნულების მიხედვით, ეს იყო ციცოს დაფეხმძიმების
ერთადერთი და უკანასკნელი შანსი.
ასეთი რეგლამენტირებული დრო დაუთქვა ექიმბაშმა
გაბოს ცოლს, მაგრამ იმ საღამოს ახალგაზრდა ცოლ-ქმარს
მოულოდნელი სტუმარი ეწვია _ გაბოს მეგობარი წუნი.
გაბომ წუნი სახლში დატოვა, თვითონ კი, მეუღლის
მუდარით სავსე თვალების მიუხედავად, მარკეტში არყისა
და თეთრი შოკოლადის მოსატანად წავიდა. არადა, იცოდა,
რომ მასა და მის ცოლს ბავშვის ჩასახვისთვის ძალზე ცოტა
დრო ჰქონდათ. არ გაჭრა ცოლის მუდარამ... გაბო მაინც
წავიდა...
შემდეგ კი მოთხრობაში ვკითხულობთ: `გაბო
მარკეტიდან რომ მობრუნდა, პირველის წუთები იყო.
მაგიდაზე არყის ბოლომდე ჩაცლილი ბოთლი იდგა. წუნი
წასულიყო~.
რამდენიმე დღეში წუნიც დაოჯახდა. ცხრა თვის თავზე
კი მას გოგონა შეეძინა, გაბოს _ ვაჟი.
მკითხველი მთელი სიუჟეტის განმავლობაში
გაფაციცებით ადევნებს თვალს ახალგაზრდა ცოლ-ქმრის
ურთიერთობას, გულშემატკივრობს უშვილობით
გაწამებული ქალის ტანჯვას, მათ განცდებს იზიარებს და

აღტაცებით ხვდება იმ ამბავს, რომ, გაბოს დაგვიანების
მიუხედავად, მათი შეწყვილების ღამე ნაყოფიერი აღმოჩნდა
და ბიჭი შეეძინათ, მაგრამ მწერალი სრულიად
მოულოდნელი ფინალით ასრულებს მოთხრობას და
ცივწყალგადასხმულივით გვტოვებს:
`ჰო, მართლა... წუნის გოგონას, ღიმილისას, საყვარლად
ეჩუტება მარჯვენა ლოყა (წუნის მსგავსად, მასაც მარჯვენა
ლოყა ეჩუტებოდა _ თ.გ.).
ღიმილის დროს, საყვარლად ეჩუტება მარჯვენა ლოყა...
გაბოს ბიჭსაც~.
ასე გადასძალა ქმრის სიყვარული და ერთგულება
შვილის ყოლის დაუძლეველმა სურვილმა. ციცომ, რომელსაც
აზრად არ ჰქონია გაბოს ღალატი, ბავშვის ჩასახვისთვის
აუცილებელი `ბოლო~ შანსი გამოიყენა. ასე აქცია ქალმა
რეალობად უნიათო ქმრის თავდაპირველი უსაფუძვლო
ეჭვი.

ერთდროულად თან გიტაცებს და თან გხიბლავს
ახალგაზრდა მწერლის მოსხეპილი სიტყვითა და
ლაკონურობით შექმნილი ტექსტები, სადაც ყველაფერი
ზღვრულია და ზომიერი, სადაც არც ერთი ფრაზა არ
გეჩვენება ზედმეტად, ხელოვნურად გაწელილ-ნაწვალებად.
`სუნთქვის შემგროვებელი~ ის კრებულია, რომელიც
გაიძულებს, სხვანაირი გახდე, სხვანაირად შეხედო
ცხოვრებას და მისი წაკითხვისთანავე იმ მიკროსამყაროს,
მიკროქალაქისა თუ მიკროუბნის ბინადრად იქცე, ნათია
როსტიაშვილმა რომ შექმნა, სადაც ასე გამჭვირვალედ
გამოიკვეთა სიკეთის მთესველ ადამიანთა შიანგანი
სამყაროს ხელშესახები კონტურები. რაც მთავარია,
ავტორისეული `საცხოვრისი~ ისეთ მაგიურ ჯადოს ფლობს,
ღვთაებრივი მადლით რომ გავსებს და

სიკეთისქმნადობისკენ გიბიძგებს. მწერლის მიერ
გამოხატული ტექსტის გამაცა და ლიტერატურული პათოსიც
შემაკავებელ სიგნალს იძლევა _ არა ეგოცენტრიზმს!
მოთხრობების _ `დურგლის ბიჭი, არაცაცხვის გოგო და
მე~, `ჩემი საქმე წასულია, მარუს~, `სუნთქვის
შემგროვებელი~ და სხვა პერსონაჟები მხოლოდ იმისთვის
არსებობენ, რომ, საკუთარ სიამოვნებაზე უარის სანაცვლოდ,
სხვებს სიხარული და შვება მიანიჭონ.
ნათია როსტიაშვილი თავისი მეტაფორულ-ასოციაციური
აზროვნებითა და სიტყვის მაგიური ძალით შექმნილი
ნაწარმოებებით ცდილობს, ბევრ რამეზე დააფიქროს
მკითხველი და საკუთარი ნაკლოვანებების
გამოსწორებისკენ უბიძგოს. სწორედ ეს არის მისი
უმთავრესი შემოქმედებითი მრწამსი.
ნოველაში `აბრეშუმის ნია~ მწერალი დაუნდობლად
ამხელს იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც საკუთარი `მე~
დაუკარგავს, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და,
დემორალიზებული, დაპროგრამებულ ზომბად ქცეულა.
ნია ახალგაზრდა ქალია, რომელიც ერთ დროს შემდგარი
პიროვნება იყო, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა,
მეგობრებთან ერთად ერთობოდა და თავისუფალ დროს
მშვენივრადაც ხატავდა, მაგრამ ქმარმა ამ ყველაფერზე უარი
ათქმევინა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სიყვარულისა და
პატივისცემის სახელით, რადგანაც ღრმად სწამდა, რომ
ნორმალურმა კაცმა თვითონ უნდა იმუშაოს, ცოლი კი შინ
დედოფლად დაისვას და მხოლოდ სადილ-ვახშმის
მზადებით დატვირთოს.
ასე იქცა მარიონეტად ქმრის ეგოიზმს შეწირული,
ოდესღაც ულამაზესთვალებიანი და აბრეშუმისკანიანი ნია _
ახლობელ-მეგობრებს ჩამოშორებული და ყოველგვარ
სულიერებას მოკლებული.

მწერალი, ნიას სახით, იმ ადამიანთა ყოფას აღწერს, ვინც
უსაქმურობით შეიძლება დაჟანგდეს, ობი მოეკიდოს ან
მტვერი დაედოს. ასე დაფარა ნია მტვრის სქელმა მასამ.
მართალია, სახლის ხეხვა და ოჯახის მოვლა დიასახლისის
პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად,
არსებობს სულიერი საზრდოც, რომელზე უარის თქმაც
სულის დამჭლევებას იწვევს.
ნათია როსტიაშვილს ამ ნოველით ჩვენთვის იმის
შეხსენება სურს, რომ რუტინული ყოფა ზნეობრივად
ამდაბლებს ადამიანს, მეტიც, საერთოდაც უკარგავს
ადამიანურ სახეს, ისევე, როგორც ნიას შემთხვევაში მოხდა.
ასეთი დემორალიზებულ-ინერტული, შინაგანად
გამოფიტული ადამიანი კი აღარავის სჭირდება, მათ შორის
საკუთარი ოჯახის წევრებსაც; არც იმას, ვინც ის ასეთი
არჩევანის წინაშე დააყენა, ნორმალური ცხოვრების
კალაპოტიდან ამოაგდო და სისხლსავსე ცხოვრება უნორმო,
უშინაარსო, უფერულ ყოველდღიურობად უქცია.
უშინაარსო ყოფით მტვრის სქელ ღრუბელდადებული
ნია საკუთარ ქმარს აღარ მოსწონს. აღარ იზიდავს
უსაქმურობითა და ერთფეროვნებით დაჟანგებულ-
დამტვერიანებული ცოლი, რომელსაც ერთ დროს ყველაზე
ლამაზი თვალები ჰქონდა მთელ ქალაქში. ამიტომაც ცოლის
`გადაგდების~ სურვილი უჩნდება და დაუფარავად ამბობს
მასზე: `როცა ნივთი დაჟანგდება, უნდა გადააგდო~.
სიყვარული სიყვარულია, პატივისცემა _ პატივისცემა,
მაგრამ იქ სიყვარულისა და პატივისცემის ადგილი არ არის,
სადაც არჩევანის წინაშე გაყენებენ. საკუთარ თავში
პიროვნების დათრგუნვა, მოდუნება, სრული ატროფია,
მეგობრებზე, კინოზე, სამსახურზე, საყვარელ საქმიანობასა
თუ ყოველგვარ ჰობზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ _
`როცა ქმარი გყავს, ყველამ და ყველაფერმა უკან უნდა

ჩაიჩოჩოს~, საკუთარი თავის ცოცხლად დამარხვის
ტოლფასია.
ნოველის პერსონაჟ სიმონს საერთოდ არ ესმის, ვერ
გრძნობს, რომ თვითონ არის მიზეზი ნიას სულიერი თუ
ხორციელი დამჭლევებისა და მის დაცინვასაც კი იწყებს.
სახლში შემოსვლისთანავე, ვითომ მტვრის კორიანტელი
უტევს, იმიტირებულად აცემინებს _ `აააფჩი!~, ბოლოს კი
სახლში მისვლის სურვილი სრულიად ეკარგება.
უღიმღამო, რობოტად ქცეული ცოლის ყურებით
მობეზრებული სიმონი ნიას გადაგვარების მიზეზს სხვაგან
ეძებს და ღმერთს უსამართლობის გამო საყვედურობს:
`ყველანაირად ხელი შევუწყე: სამსახური ამას არ
აწუხებდა, შვილის გაზრდა და უსაქმური დაქალები.
არაფერი. დღეები, კვირები, თვეები ისე გადიოდა, მხოლოდ
ორ საქმეს აკეთებდა: დალაგება და საჭმელი. სხვას არაფერს.
დედოფალივით მყავდა! და, მიუხედავად ამისა, ცოცხალ
ადამიანს მტვერი დაედო. რატომ?!~
ვერ გაუცნობიერებია სიმონს _ ნამდვილ ქართველ
`რაინდს~, რომ სწორედ არაფრობაა ადამიანის სულის
დამჭლევების პირველმიზეზი. არაფრობა უსახოა, რომელსაც
სავარძელზე მიფენილი უცნაური ქსოვილის ჩენჩოს
უწოდებს მწერალი.

***
ნათია როსტიაშვილი ყველა პერსონაჟშია ჩასახლებული.
ის ერთნაირი მონდომებითა და, რაც მთავარია, საოცარი
ფერადოვნობით ძერწავს განსხვავებული ნიშან-თვისებების
მქონე ადამიანების ასევე განსხვავებულ სახეებსა და მათ
შინაგან სამყაროს. ამიტომაც მისი მოთხრობები
ექსპრესიულობითა და ემოციურობით გამოირჩევა. მას
ძალუძს გარდაისახოს უმანკო და სპეტაკ ბავშვად, მეოცნებე

ქალწულად, შეყვარებულ თუ ეჭვიან მამაკაცად, მოხუცად,
ახალგაზრდად და ყველგან ინდივიდუალურ ხელწერას
ტოვებს. ის სიკეთეს მინდვრად მოფენილი ლამაზი-ლამაზი
ყვავილებივით აგროვებს და რუდუნებით მოაქვს ჩვენამდე.
სწორედ ამ ნიშნით ის, სუნთქვასთან ერთად, სიკეთის
შემგროვებლადაც გვევლინება.
ნათია როსტიაშვილის გრძნობათა გადმოცემის
პათეტიკურობას, თამამ (და არა ეპატაჟურ!) ფრაზებსა თუ
ეპიზოდებს სტიქიური გარდატეხა შემოაქვს ჩვენი
ცხოვრების ქაოსურ ტემპსა თუ რიტმში და ამ მასობრივი
ფსიქოზით შეპყრობილ ჩვენს ყოფაში ზნეობისა და
ეთიკურობის აუცილებლობას მოგანატრებს.

2017 წ.

 

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია